ჩვენი იდეა

May 25, 2011

რა სთხოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ უფალს?

Filed under: Uncategorized — kontua @ 10:38 am

“უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის მიერ წარმოთქმული აღსარება 1999 წლის 25 დეკემბერს”:

დაუსაბამოო და დაუსრულებელო, უხილავო და მიუწვდომელო, უძლეველო და მოწყალეო, სიყვარულო და სასოებაო ჩვენო, წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დიდება შენდა.

ძეო ღვთისაო, უფალო იესო ქრისტე, თანაარსო და თანასწორო მამისაო, სიტყვაო, მამისაგან მხოლოდშობილო, ჩვენთვის განკაცებულო, ჯვარცმულო, მკვდრეთით აღდგომილო და ამაღლებულო, მეორედ მოსვლისას წყალობით განმკითხველო ჩვენო,–დიდება შენდა.
სულო წმიდაო, უფალო, მამისაგან გამომავალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, – დიდება შენდა.

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, ერთღვთაებობით თაყვანისცემულო, არსთაგანმრიგეო, – დიდება შენდა.
“შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩვენო”.

“განღებულ არს კარი სინანულისაი, შევიდეთ მა შინა, ძმანო, შევინანნეთ შეცოდებანი ჩვენნი, რათა მიერ გამოვიდეთ წმიდანი ხოცითა და განათლებულნი სულითა”(იოანე მინჩხი. X საუკუნე).
ყოვლადწმიდაო სამებაო, რომელსა გაქვს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, შეგივრდებით უხმარნი მონანი და მხევალნი შენნი და სრულიად საქართველოსა და ჩვენთა წინაპართა სახელით გევედრებით, მოგვანიჭე განცდაი ცოდვათა და არაგანკითხვად ძმისა ჩვენისა.
წინაშე შენსა მოვიდრეკთ მუხლთა სულისა და ხორცთა ჩვენთასა, აღგვიარებთ უსჯულობათა ჩვენთა, და გთხოვთ, მოწყალებით შეგვინდე ჩვენ და ჩვენთა წინაპართა მრავალნი ცოდვანი ჩვენნი.

მიუტევე ერსა ჩვენსა პირველი და უმძიმესი ცოდვა – ამპარტავნება.
ქედმაღალნი ვიყავით და ვართ, ვითარცა ცარიელნი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ დარიგებასა ბრძენისა სოლომონისა:
“ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი”(იგავნი 29,23).”დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას, ქედმაღლობა”(იგავნი 16,18);
უფალო, განგვკურნე ჩვენ ამ სენისგან და შეგვიწყალენ ჩვენ. უფალო, შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა და ურწმუნოება, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიის შეურაცხოფა, მართლმადიდებელი სარწმუნოების უარყოფა, შეგვინდე, უფალო, სასულიერო პირთა და ბერ–მონაზონთა დევნა და დამცირება.
გვაპატიე, ღმერთო, სამშობლოს ღალატი და ორგულება. კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, დედათა მიერ ჩვილთა მუცლადმოწყვეტა.
დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძაობით და სხვათა მილწთა ცოდვათა ვნებათა აღძვრით.
მოწყალებით შეგვინდე და გზათა სინანულისა და სიწმიდისათა დაგვადგინენ ჩვენ.

გცოდეთ, უფალო, მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: “წყეულიმც იყოს დედ–მამის შემაგინებელი”(მეორე სჯული 27,16), – როგორც ბრძანებს მეფე სოლომონი.
ვცოდეთ არაწმიდით ფიქრით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, სიძულვილით, ფიცის გატეხით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, სიმდიდრის სიყვარულით და მასზე იმედის დამყარებით; შეგვინდე და გვაპატიე, უფალო: ლოთობა, ნარკომანია, მტრობა და ღვარძლი, სხვისი ნაკლისა და ცოდვების განკითხვა, ეგოიზმი, ჭამისმოყვარება, ქონებისა და ფულის უაზრო ფლანგვა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, პატივმოყვარეობა, პირადი განდიდების სურვილი;

ღმერთო მოწყალეო, ვცოდეთ უსაქმობით, დაზარებით, უიმედობით, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრებით, მკითხავთა დაჯერებით, ოთხშაბათ–პარასკევის და სხვთა მარხვათა დარღვევით, შაბათ–კვირას და დღესასწაულებზე წირვის გარეშე ყოფნით, თვითმკლელობაზე ფიქრით, შვილებისა და სხვა ადამიანების წყევლით, შვილების ჭეშმარიტი რწმენისა და სულიერების გარეშე აღზრდით, არაეკლესიური, ამაო ცხოვრებით და სხვა მრავალი ცოდვით.

ჩვენცა, უფალო, შენთა მსახურთა – სასულიერო პირთა გვაპატიე არაღირსებისამებრი მსახურება შენი და განგვწმიინდენ ჩვენ. ჰოი, უფალო მუხლმოდრეკილნი გევედრებით ჩვენთა წინაპართა, სრულიად საქრთველოსა და ყოველთა ქართველთა სახელით, მკვიდრთა საქარელოსათა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ჩვენთა თანამემამულეთა სახელით, და შეგთხოვთ, შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებანი და ყოველნი ცოდვანი ჩვენნი. მარჯვენითა შენითა გვასხურე უსუპითა, რათა უფროს თოვლისა გავსპეკტაკნეთ.
შეახე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა და ხორცსა ჩვენსა, გულსა და გონებას ჩვენსა და განსწინდენ იგინი.

მწყემსო კეთილო, რომელმან გვზარდე, გვასწავლე და გვწურთნე წელნი ათასეულნი და მრავლთა განსაცდელთაგან საკვირველად გვიხსენ, აწცა მოგვხედე მოწყალებითა.
შეჭირვებულნი გევედრებით, აღადგინე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოსანი, დალოცე მამული ჩვენნი მოყვარედ მოაქციე. მოგვეც, მოწყალეო, შეუორგულებელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მშვიდობა, სიბრძნე, თავმდაბლობა, სიხარული, გული გონიერი, უნარი ცოდვათა მიტევებისა. თსაგვაცვი სამოსელი სპეტაკი ნათლისღებისა შენისა და შეგვარტყი ძლიერებაი შენი, რაღა ვიყოთ ჩვენ ყოველნი ერთ სამწყსო და შენ იყო მწყემსი ჩვენი.

უფალო ჩვენო, გულთამხილველო, ისმინე და შეიწირე აღსარებაი ჩვენი მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ჭეშმარიტად, ცოდვათა ჩვენთა ზღვა აღძრულ არს და დანთქმას გვიქადის, მაგრამ შენზედა მონდობილნი, უფალო, ვსასოებთ, რომ ჩვენზეც აღსრულდება ნათქვამი შენი: “მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკო;ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით ვაქციო”… ნისლივით წარვხოცავ უსჯულოებათა შენთა და ღრუბელივით – ცოდვათა შენთა; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე შენ”(ისაია 1, 18;44,22).
აჰა, უფალო, დაგიბრუნდით, აი სინანული ჩვენი შენნი ვართ, გვაცხოვნენ ჩვენ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.  ამინ!

1 Comment »

  1. სერიოზული რამეა ჩემის აზრით. მრავლის მთქმელი, საინტერესო და არც ისე მარტივი.

    Comment by გიორგი–ახალი — May 25, 2011 @ 7:36 pm | Reply


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: