ჩვენი იდეა

January 3, 2011

პატრიოტიზმი პროფესია არ არის!

Filed under: Uncategorized — kontua @ 6:47 pm

ძნელია მათი ოპონენტობა, ვინც თვლის, რომ საქართველოს შეუძლია ეკონომიკურად დამოუკიდებლად იარსებოს. როგორ უნდა უარყო ამის პერსპექტივა, როცა თვალწინ გაქვს ორი ისეთი მაგალითი მსოფლიო ისტორიაში, როგორიცაა ჰოლანდია და იაპონია, ქვეყნები, რომლებსაც ღმერთმა არაფერი უბოძა. ჰოლანდიას მიწაც კი არ მისცა და ჰოლანდიელმა სხვას წაართვა იგი, თვითონ იშოვა სამშობლო მიწა. იაპონიას მისცა ყველაფერი, რაც კი საშინელება არსებობს პლანეტაზე: ცუნამი, ტაიფუნი, ვულკანი, მიწისძვრა, კლდე და ხრიოკი. 84% იმისა რასაც რუკაზე ვხედავთ, დაუსახლებელია და უნაყოფო. ტერიტორიის მხოლოდ 16% ზე ცხოვრობს 120 მილიონი ადამიანი და ამ ორმა არაფრის მქონე ქვეყანამ ორი ძლიერი სახელმწიფო შექმნა. ამიტომ, როგორ შეგვიძლია ვიყოთ უიმედონი ჩვენი მშვენიერი და მდიდარი საქართველოს პატრონები. მაგრამ, ამავე დროს, ზუსტად უნდა გავაანალიზოთ, რამ განაპირობა იმ ქვეყნების წინსვლა და რა პერსპექტივები გვაქვს ჩვენ ხვალ, ზეგ, მაზეგ?

ოპტიმისტი ვარ და შინაგანად რადიკალი. უმრავლეს შემთხვევაში ვცდილობ, მოვთოკო ჩემი რადიკალიზმი და რეალურ ნიადაგზე დავაყენო საკუთარი თავი. მე მჯერა, რომ ის ნანატრი დღე, რომელზედაც ყველანი ვოცნებობთ – დაგვიდგება. ის შეიძლება მოულოდნელად, თავისით მოვიდეს  იურიდიულად, ამიტომ დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის მოვლა – პატრონობის სწავლა  უკვე დღეიდანვე უნდა დავიწყოთ სერიოზულად. ჯერ სულ ელემენტარული წესები გვაქვს სასწავლი დემოკრატიისა. დემოკრატიის ანბანია ის, რასაც სამოცდაათი წლის განმავლობაში გვავიწყებდნენ. გვასწავლიდნენ, რომ ვინც ჩვენს აზრს არ იზიარებს, ის ჩვენი მტერია. მაშასადამე, სხვისი აზრის პატივისცემა მაშინაც კი, როცა ის შენსას არ ემთხვევა, ჩვენთვის არ უსწავლებიათ. ეს ჩვენ ახლა უნდა ვისწავლოთ, თუ გვინდა იმ საქართველოს შექმნა, რომელზედაც ვოცნებობთ. ყოველივე ამას იმიტომ ვამბობთ, რომ განსხვავებული აზრების მიუღებლობის ავადმყოფური ნიშნები თითოეულ ჩვენგანში შეინიშნება. ჩვენ ერთმანეც შეცდომების უფლებებიც უნდა დავუტოვოთ, გააჩნია ოღონდ შეცდომას. შეუძლებელია, შეუცდომლად ხდებოდეს ისეთი კატაკლიზმები, რომლებიც დღეს უკვე დაწყებულია და ხვალ კიდევ მეტია მოსალოდნელი. ბევრი შეცდომა იქნება და თუ ჩვენ ამ შეცდომების გამო გზა და გზა ერთმანეთი ვხოცეთ, ერთმანეთი გავწირეთ, იმ დღემდე, ნანატრ დღემდე, ალბათ რამდენიმე კაცს მოუწევს მიღწევა. როგორც არასდროს, დღეს ისე გვაქვს აკრძალული შინაგანად და ღმერთის მიერ ერთმანეთთან დაპირისპირებულობა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ერთი შეხედულება უნდა გვქონდეს და ერთ ჭკუაზე ვიაროთ. ამის სამოცდაათწლიანი გამოცდილება საკმარისზე მეტი გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვხედავდეთ, რომ  დაპირისპირებულნი ვართ ისტორიის ახალ ეტაპთან და არა ერთმანეთთან, სხვა რესპუბლიკებთან, თუნდაც რუსეთთან. ჩვენ ისე სიამის ტყუპებივით გადაგვაბეს ერთმანეც ამ ათეული წლების მანძილზე, საერთო კაპილარებით, საერთო არტერიებით ისე გვკვებეს და ეს შეგნებულად კეთდებოდა სწორედ იმის გაანგარიშებით, რომ შემდეგ გაყოფა, გასვლა, ცალკე ყოფნა ძალიან დიდი ქირურგიული ჩარევის გარეშე შეუძლებელი ყოფილიყო. არსებული ვეებერთელა ეკონომიკის ერთბაშად დაშლა, მისგან გამოყოფა, იზოლირებულად, ცალკე კუნძულად ყოფნა და საკუთარი თავისთვის სამოთხის შენება არარეალურია. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა სიძნელეების წინაშე ვდგებით ხვალიდან, იმ დღიდან, როცა ჩვენი თავი უკვე ჩვენადვე გვეყუდვნის.

ჯერ გავარკვიოთ, როგორია ჩვენი ქვეყანა, აგრალური თუ ინდუსტრიული? რა დღეში გვაქვს სოფელი? გვაქვს კი საერთოდ იგი? გვყაავს გლეხი? ვეკითხები საკუთარ თავს და თქვენ – გვყავს ის გლეხი, რომელიც ხვალ დამოუკიდებლობის მიღების მეორე დღეს იმ სოფლის მეურნეობას შექმნის, რომელიც ჩვენ გვჭირდება? შეიძლება ეს მცდარი აზრია, მაგრამ რაკი გამიჩნდა, მინდა მოგახსენოთ. ამაყად ამბობენ, თბილისი ასეთი ეროვნული არასოდეს ყოფილა, როგორც დღესო. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამაში სასიხარულო არაფერია, ტრაგიკული ფაქტია, რადგან თბილი ეროვნული გახდა მხოლოდ სოფლის დაცარიელების ხარჯზე. სხვათაშორის, დამოუკიდებლობის დროს ქართველობა უმცირესობას წარმოადგენდა დედაქალაქში, მაგრამ არავითარ კატასტროფას არ ნიშნავდა ეს, რადგან იყო ის საქართველო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო.

არა მგონია, რომ ვინც აქეთ წამოვიდა, უკანაა მიმბრუნებელი. თბილისის მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილი, რომელსაც რეალური ეკონომიკა გარიყავს ქალაქიდან, ალბათ ის უფროა მიმბრუნებელი სოფლისკენ. მე მაგალითად, მეოთხე თაობის ქალაქელი ვარ, მაგრამ ჩემში სოფლის კაცს უფრო ვგრძნობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღამ – ღამობით სიმინდის ყანა და თოხი მესიზმრება. შინაგანი, ფარული ნოსტალგია მაქვს ჩემი ბავშვობის თბილისის, სოფლის, სადაც მხოლოდ არდადეგებზე ჩავდიოდი, მაგრამ ის უფრო მეტად მკვებავდა სულიერად. აქედან ჩვენ უფრო მივუბრუნდებით სოფელს, ჩვენ-გენეტიკურად მოუბეზრებელნი სოფლით.

მოყვრად მოსული მოყვარე არის მოყვარე, მას ხელი არ უნდა ჰკრა, გულში უნდა ჩაიკრა, როგორც აქამდე გვიკეთებია ისტორიის მანძილზე. მოყვრად მოსულ მტერს უნდა დახვდე მტრულად. არაელასტიურობის მშვენიერი ნიმუშია – სად ვარჩიოთ?… უნდა გავარჩიოთ. მტერ-მოყვარეს თუ ვერ გავარჩევთ ვის და რის იმედად ვიყოთ ამ ქვეყანაზე?.. ყველა თუ გადავიკიდეთ, ყველას თუ დავუპურისპირდით, მტრად თუ გამოვაცხადეთ ყველა, რას მოვიმკით?.. ალბათ ქარიშხალს!

ზოგს რუსულის არცოდნა პატრიოტიზმის რანგში აქვს აყვანილი ახლა. მან იმიტომ არ იცის რუსული, რომ მაგარი ქართველია და არ უნდა მტრის ენაზე ილაპარაკოს, აქამდე თუ მივალთ. ამან მოიტანა მეორე თემაც, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია.

მოგახსენეთ, თბილისი ასეთი ეროვნული არასდროს არ ყოფილა-მეთქი. სამწუხაროდ, იმის ხარჯზე, რომ სოფელი დაიცალა. მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი მავნე შედეგი, არის მეორე შედეგიც – გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი, აგრესიული პროვინციელი, ეს არის საშინელება, მით უმეტეს, პროვინციალიზმი პოლიტიკაში ხომ კატასტროფაა. პროვინციალი არ ნიშნავს სოფლიდან ჩამოსულს, ისტორიულად ჩვენ ყველანი სოფლიდან ვართ ჩამოსულები, ზოგი გუშინ და ზოგი გუშინწინ. ჩვენი სათაყვანო მამა-პაპა, ჩვენი თავადაზნაურობა, ჩვენი კულტურის შუქურები სოფლებში ცხოვრობდნენ. პროვინციალიზმი ქალაქის მოვლენაა. პროვინციალიზმი პროვინციაში არ არსებობს, ის თავის ორგანულ სამყაროშია იქ. აი, როცა თავის ორგანულ ნაწილს მოწყდება და მოდის აქ, სადაც მისთვის ჩვეული გარემო არ არის, ის ხდება აგრესიული შეუთავსებლობის გამო.

ისევ მონადირული პრაქტიკიდან. თქვენ გედები გინახავთ ზოოპარკში რომ დაცურავენ. მე, როგორც მონადირეს, გაფრენილიც მინახავს ნადირობის დროს. ღმერთმა გედი გააჩინა იმისთვის, რომ არ უნდა იფრინოს და დედოფალია ცაში, როცა ფრინავს, ან წყალში უნდა იყოს და დედოფალია როცა ცურავს, მაგრამ საკმარისია მიწაზე დადგას ფეხი, რომ ის ხდება აბსოლუტურად დაგვაჯული, რაღაც საზიზღარი ბატი. იმიტომ, რომ ღმერთმა გედი ან საცურაოდ, ან საფრენად გააჩინა. სრულებით არ არის სათაკილო, რომ ვიღაცის ადგილი არის სოფლად, ვიღაცისა კი – ქალაქში, საბაში და ა.შ. როდესაც ეს ირღვევა, ჩნდება ის უცანური ტიპი ქართველი კაცისა –“აგრესიული პროვინციალი”. ის მოდის და შეუთავსებლობის გამო, ეძებს, რადგან შენ სხვა რამით ვერ გჯობნის (ხომ არსებობს კიდევ რაღაც სხვა, გენეტიკური, ხომ არის სამასი წლის ნაკრეჭი ინგლისური გაზონები, რაზედაც ამერიკელი გულზე სკდება, დღესაც ვერ ინელებს და ეძებს საიდუმლოებას…) ის ეძებს მერე თავშესაფარს იმით, რომ აქტიურობდა კომკავშირში, შედიოდა პარტიაში, აგვივლიდა გვერდს და აღმოჩნდებოდა შენი დიდი უფროსი. დღეს ძალიან იოლ თავშესაფრად იქცა პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი გახდა თავშესაფარი უამრავი – აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანისა და ის ისეთი ტონით გელაპარაკება იქიდან, რომ ჰკითხო, ვინა ხარ – გეუბნება, – პატრიოტი. პატრიოტობა პროფესია არ არის – პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ.

პოლიტიკაში ელასტიურობა აუცილებელია. ახალგაზრდობა თავისთავად არის მშვენიერი ხანა, როცა ყოველგვარი დიპლომატია, ტაქტიკა, სტრატეგია, ზიგზაგი საგინებელ სიტყვად მიგაჩნია… მხოლოდ წინ და მხოლოდ წინ! ეს გახლავთ ახალგაზრდობის მშვენიერი, რომანტიული თვისება, მაგრამ პოლიტიკაში დიდად საშიში. მაგალითისათვის ასეთ შედარებას მოვიტან. არის ასეთი რუსული მწევარი, русская борзая – ესაა უმშვენიერესი ქმნილება, მაღალი ფეხებით, გრძელი პირით. მგლებზე სანადირო ძაღლია, ლამაზზე ლამაზი, საჩოხო წელი აქვს, უგრძესი ნახტომი. მოკლედ, ყველა ნიშანი გააჩნია იმისათვის, რომ იყოს მგლებზე დიდებულზე დიდებული მონადირე, მაგრამ არის სრული დეგენერატე, სულელი. რომ მისდევს მგელს, მგელი ოდნავ გვერძე რომ გადგეს, ეს მაინც პირდაპირ წავა და შუბლით შეედუღება, რაც დახვდება წინ, კედელი, კლდე, ხე, სულერთია. და არის მეორე ძაღლი – კავკასიური ნაგაზი, მოკლე ფეხებიანი, მოკლე პირიანი, ბანჯგვლიანი, შეუხედავი. შეიძლება ყურები ჰქონდა ლამაზი, კაცმა არ იცის, დაბადებისთანავე იმასაც აჭრიან. აი ეს შეუხედავი, ბანჯგვლიანი ძაღლი არის სიბრძნით გაპენტილი – ბარუხ შპინოზა და იმანუელ კანტია ერთად და მგლების რისხვა. ეს იუმორისტული მაგალითი იმიტომ გავიხსენე, რომ პოლიტიკაში სწორხაზოვნება არ გვარგია, რომ საჭიროა ელასტიურობა, საჭიროა ტაქტიკური სვლების ცვლა, სტრატეგიის შემუშავება, ხან კომპრომისი, ხან უკან დახევა, ხან როგორც ალპინიზმშია, სიმაღლის დაკარგვა იმისთვის, რომ მერე სიმაღლე უფრო კარგად აიღო.

რეზო თაბუკაშვილი


სტატია გაზეთიდან “ქომაგი”  1998 წელი

1 Comment »

  1. “პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი” – მართლა იდეალური ნათქვამია!

    Comment by გიორგი — January 3, 2011 @ 9:48 pm | Reply


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: